ინდოეთის უდიდესი კონგლომერატი, Tata Group-ი ახლოსაა შეთანხმებასთან, რომლის შედეგადაც აგვისტოდან Apple-ის მომმარაგებელი საწარმო მის მფლობელობაში გადავა. საკითხთან დაახლოებული პირის ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი კომპანია ჩაუდგება სათავეში iPhone-ების აწყობას.
Tata Group-ის მიერ სამხრეთ კარნატაკაში Wistorn-ის ქარხნის გადაბარება, რომელიც შეფასებულია $600 მილიონზე მეტად, ერთ წლიან მოლაპარაკებებს სისრულეში მოიყვანს. საწარმო ასაქმებს 10 000-ზე მეტ ადამიანს და მასში უახლესი მოდელი, iPhone 14 იწყობა.
Wistorn-ს ვალდებულება აქვს აღებული, 2024 წლის მარტამდე $1,8 მილიარდის ღირებულების iPhone-ები აწარმოოს, რათა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ფინანსურ პროგრამაში გაიმარჯვოს. ის ასევე დასაქმებულების 3-ჯერ გაზრდას გეგმავდა შემდეგი წლისთვის. Tata Group-ი აპირებს ყველა პირობა შეასრულოს, რამდენადაც თავად Wistorn-ი ინდოეთში iPhone-ების წარმოების ბიზნესს ტოვებს.
ინდოეთში iPhone-ის წარმოება Apple-ს ბაზრის დივერსიფიცირების გეგმას გაუადვილებს. კომპანიამ ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დროს განიზრახა ჩინეთიდან სამხრეთ აზიის ქვეყნებში წარმოების გადატანა. ამ გარემოებას ახლა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობაც დაემატა. Wistor-მა წლის მეორე კვარტალში $500 მილიონის ღირებულების iPhone გაიტანა ჩინეთიდან ექსპორტზე და Apple-ის სხვა ტაივანურმა მომმარაგებლებმაც, Foxconn Technology Group-მა და Pegatron-მაც გაზარდეს ადგილობრივი წარმოება.
რაც შეეხება ინდოეთს, ქვეყანამ ადგილობრივ წარმოებაში პროგრესი მას შემდეგ აჩვენა, რაც პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ კომპანიებს ფინანსური სტიმულირების სახელმწიფო პროგრამები შესთავაზა. ასეთი ინიციატივები პროდუქციისა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად.
iPhone-ების მწარმოებელმა ინდურმა კომპანიამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს პრემიერ მოდის ძალისხმევა დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომელიც „მსოფლიო საწარმოს“ სტატუსს ატარებს. ამ ფაქტმა კი შეიძლება სხვა ელექტრონიკის ბრენდებსაც გაუჩინოს სტიმული, თავიანთი საწარმოები ინდოეთში გადმოიტანონ და ჩინეთზე დამოკიდებულება შეამცირონ.
155 წლის Tata Group-ი მარილით დაწყებული, ტექნიკური მომსახურებით დამთავრებული, ყველაფერს ყიდის. კომპანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალ სფეროებში - ელექტრონიკის წარმოებასა და ვაჭრობაში დამკვიდრებას ცდილობდა. ის უკვე აწარმოებს iPhone-ის მეტალის ჩარჩოებს და ამასთან, ჩიპების წარმოების ამბიციაც აქვს.