LIVE

ComCom-ის წევრი დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს - TI

11 ივლ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
ComCom-ის წევრი დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრმა, ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

TI-ს თანახმად, კუკულაძესა და მის მეუღლეს ეკუთვნით 5 დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, ესენია:

  • ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 124.75 კვ.მ;
  • ავტოსადგომი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 15.05 კვ.მ;
  • ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 117.04 კვ.მ;
  • სარდაფი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 12.88 კვ.მ;
  • ბინა თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე - 68.90 კვ.მ.

ამასთან, ნათია კუკულაძეს დეკლარაციებში არ აქვს მითითებული ინფორმაცია მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:

  • შპს „ატრიუმი“ - დირექტორი;
  • სს „მუხიანი რესიდენსი“ - დირექტორი, წილი 100%;
  • შპს „ლილო პროექტი“ - დირექტორი, წილი 25%.

კუკულაძემ დამალა ხელფასი, რომელსაც ის კომუნიკაციების კომისიის წევრობიდან იღებს. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 000 ლარს აღემატება.

„კუკულაძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში“, - აცხადებენ TI-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავს, რომ შეისწავლოს ნათია კუკულაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ნათია კუკულაძე. კომუნიკაციების კომისიის წევრის განცხადებით, ეს ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა.

„წლებია ყოველთვის დეტალურად და სრული პასუხისმგებლობით ვავსებ დეკლარაციას, ასე მოხდა 2022 წელსაც, შესაბამისად ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია. დაუყოვნებლივ მივმართე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საკითხის შესწავლის მიზნით, როგორც გაირკვა ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა“, - განაცხადა ნათია კუკულაძემ.