LIVE

მსოფლიოში ყველაზე დიდი "ხის ქალაქი" სტოკჰოლმში აშენდება

09 ივლ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 391
მსოფლიოში ყველაზე დიდი "ხის ქალაქი" სტოკჰოლმში აშენდება

უძრავი ქონების დეველოპერი Atrium Ljungberg-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი "ხის ქალაქის" აშენებას გეგმავს. მშენებლობა 2025 წლიდან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაიწყება.

სტოკჰოლმის "ხის ქალაქში" განთავსებული იქნება 7000 საოფისე ფართი, 2000 სახლი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში. "ხის ქალაქი" აქტიური ურბანული გარემო გახდება საცხოვრებელი სახლებით, რესტორნებითა თუ მაღაზიებით, გაშენდება 250 00 კვადრატულ მეტრზე და როგორც დეველოპერები აცხადებენ, იქნება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხის სამშენებლო პროექტი.

ახალი ქალაქი მოეწყობა Sickla-ში, რომელიც ყოფილი ინდუსტრიული ადგილია და გარშემოც 400-ზე მეტი კომპანიაა თავმოყრილი. ქალაქში სამუშაო ადგილები, მოსასვენებელი სივრცეები, სახლები ერთ სივრცეში, სულ რაღაც 5 წუთის სავალზე იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხის შენობებში ჰაერის ხარისხი უკეთესია და ხის სახლების მშენებლობისას ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფა რკინა-ბეტონის კონსტრუქციასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია. ბოლო კვლევით, რომელიც გასულ წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა აღნიშნულია, რომ თუ კი მასობრივად დაიწყება ხის სახლების მშენებლობა, რაც საკმარისი იქნება ახალი მოსახლეობის 90%-ის დასასახლებლად, ეს დღეიდან 2100 წლამდე შეამცირებს ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფას 106 გიგატონით.

როგორც დეველოპერები აღნიშნავენ, სტოკჰოლმის "ხის ქალაქში" პირველი შენობები, რომლებსაც არქიტექტურული ფირმები: White Arkitekter და Henning Larsen აპროექტებენ, 2027 წელს დასრულდება.