Walt Disney-ს ქალი თანამშრომლები კომპანიას გენდერული ნიშნით ქალებისთვის ნაკლები ანაზღაურების გადახდაში სდებენ ბრალს. სარჩელი კალიფორნიის სასამართლოშია შეტანილი.
სარჩელის თანახმად, რვა წლის განმავლობაში მხოლოდ კალიფორნიის შტატში დასაქმებულ ქალებს, მათ მამაკაც კოლეგებთან შედარებით, $150 მილიონით ნაკლები აქვთ მიღებული.
Disney-ის ადამიანური რესურსების 2015-2022 წლების მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნულ პერიოდში ქალი თანამშრომლები 2%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე მათი მამაკაცი კოლეგები. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ დასკვნებს Disney უარყოფს.
"მოსარჩელეების მტკიცებები ქალებსა და მამაკაცებს შორის სავარაუდო ხელფასის სხვაობის შესახებ უბრალოდ მცდარია. ამას ჩვენ სასამართლო პროცესზე დავადასტურებთ," - განაცხადა Disney-ს წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, მიმდინარე საქმეში მოსარჩელეები მოითხოვენ, ოთხი წლის წინ იმავე საკითხზე შეტანილი სამოქალაქო სარჩელი სასამართლომ ჯგუფურ სარჩელად განიხილოს, რომელიც კომპანიის 12 500 თანამშრომელ ქალს მოიცავს.
2019 წლის საქმე ეხებოდა Disney-ს ერთ-ერთი ქალი თანამშრომლის, ლარონდა რასმუსენის სარჩელს, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ თავისსავე იდენტურ პოზიციაზე დასაქმებული ექვსი კაცი, მასთან შედარებით, უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებდა.