Credit Suisse, რომელიც ამჟამად შვეიცარიული ბანკის, UBS-ის საკუთრებაშია, ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ დღეს Credit Suisse Life-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი ძირითადად არ დააკმაყოფილა.
ივანიშვილის ადვოკატის განმარტებით, უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა $607 მილიონის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ.
"დადგა დრო, რომ Credit Suisse-მა აიღოს პასუხისმგებლობა მისი პერსონალის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულად აანაზღაუროს სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანი", - Reueters-ის თანახმად, ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში.
მარტში სასამართლომ განაცხადა, რომ ივანიშვილს და მის ოჯახს Credit Suisse-ის ყოფილი მრჩევლის, პატრის ლესკადრონის თაღლითობის გამო, ზიანის ასანაზღაურებლად $600-ზე მეტი უნდა მიეღო.
Credit Suisse-მა Credit Suisse Life-ის დაშლის პირას მყოფი ადგილობრივი ერთეულის წინააღმდეგ გამოტანილი ეს განაჩენი გაასაჩივრა. ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ დღეს გააუქმა მოსამართლის დასკვნა იმის შესახებ, რომ CS Life-მა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება ძირითადად ძალაში დატოვა.
გასულ თვეში ივანიშვილმა Credit Suisse-სთან კიდევ ერთი დავა მოიგო. სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით, კლიენტის აქტივების დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის, $926 მილიონის გადახდა დააკისრა.
ივანიშვილს Credit Suisse-სთან დავების მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დავაში ბანკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია.
გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ბანკის ტრასტის მარცხს, რომ ვერ დაიცვა აქტივები ბანკირ პატრის ლესკადრონისგან. ლესკადრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითური სქემისთვის, რითაც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან თანხა სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დასაფარად აიღო.