LIVE

კალაძე: რესტორნებში, ბარებში ხმაურის დონე შეზღუდულია - მინდა ვთხოვო, არ გადააჭარბონ

21 ივნ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
კალაძე: რესტორნებში, ბარებში ხმაურის დონე შეზღუდულია - მინდა ვთხოვო, არ გადააჭარბონ

თბილისის მერი, კახა კალაძე ბიზნესს მოუწოდებს, არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს.

მისი თქმით, ისეთ ობიექტებში, როგორებიცაა რესტორნები, ბარები და კაფეები ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში ერთნაირად შეზღუდულია და 50 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში, საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია.

„დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილია შესაბამისი ზომის სანქციები, ფულადი ჯარიმები, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის. შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, რიგ ადგილებში არსებულ ობიექტებზე 08:00-დან 23:00 საათამდე მოქმედებს ხმაურის გარკვეული დონის დაშვება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ უფრო დაბალი დონითაა დასაშვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს საკითხის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს. აქვე, მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, ლაშა მაჭავარიანს, დაიწყეთ აქტიური ქმედებები პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ეს  მიმართულება იყოს მოწესრიგებული, ადამიანები არ შეწუხდნენ. ყველანაირად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, მათ ვეხმარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.