LIVE

ხელისუფლებას სურს, სებ-ის პრეზიდენტი მათთვის სანდო პირი იყოს - გიორგი კეპულაძე

18 ივნ 202313:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 286
ხელისუფლებას სურს, სებ-ის პრეზიდენტი მათთვის სანდო პირი იყოს - გიორგი კეპულაძე

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებები საფრთხეს უქმნის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სავალუტო ფონდთან ურთიერთობას.

როგორც გიორგი კეპულაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, პარლამენტის მიერ სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლებას სებ-ის პრეზიდენტად ისეთი ადამიანი სურს, ვისზეც გავლენა ექნება.

"ამ გადაწყვეტილებით, ზოგადად დგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საფრთხე, ამაზე ღიად საუბრობს სავალუტო ფონდიც. როგორ ჩანს, მმართველ ძალას სურს, სხვა ინსტიტუტების მსგავსად, ეროვნული ბანკიც მათ განკარგულებაში იყოს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყოს მათთვის სანდო პირი. სავალუტო ფონდთან დაპირისპირებამ შეიძლება მოიტანოს ძალიან მძიმე შედეგები, ვინაიდან მასთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ის, რომ ფული გაასესხოს და მნიშვნელოვანია საინვესტიციო თვალსაზრისითაც. მათ შორის, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, რაც სჭირდება ყველა ხელისუფლებას. თუ სავალუტო ფონდისგან ქვეყანას არ აქვს დადებითი შეფასება, ასეთ ქვეყნებს როგორც წესით, არც სხვა საფინანსო ინსტიტუტები ეხმარებიან", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ივნისს დაძლია

აღნიშნულს წინ ხმაურიანი პროცესი უძღოდა. 2023 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შექმნა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ ცვლილებებს 23 თებერვალს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ ცვლილებები "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია". პარლამენტმა თავდაპირველად ვეტო არ დაძლია, თუმცა მალევე ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ პარლამენტს მოუწევდა ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რისთვისაც იგი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა. მიზეზად მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის მიერ მათთვის მიცემული პირობის დარღვევა დასახელდა. კერძოდ, ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ კონსულტაციების შედეგად, პრეზიდენტმა დაუდასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა შეთანხმება დაარღვია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას განიხილავდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობაა - კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა კიდევ მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. 

კანონში ცვლილებები და ვეტოს დაძლევის შესახებ განცხადება გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ, საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი განმარტავს, რომ პარლამენტის გეგმა, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, მიუღებელია და იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება სებ-ის ახალი პრეზიდენტი. ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ასარჩევად გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერენ.

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.