LIVE

აშშ-ის მარეგულირებელს Binance US-ის აქტივების გაყინვა და მისი მომხმარებლების დაცვა სურს

07 ივნ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
აშშ-ის მარეგულირებელს Binance US-ის აქტივების გაყინვა და მისი მომხმარებლების დაცვა სურს

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) Binance US-ის აქტივების გაყინვას და ბირჟის მომხმარებლების დაცვას ცდილობს

სააგენტოს განცხადებით, მან სასამართლოს დროებითი აღკვეთის ღონისძიებისთვის უკვე მიმართა. მარეგულირებელმა მოსამართლეს სთხოვა, რომ მხარი დაუჭიროს ამ ნაბიჯს, რათა Binance.US-ის მომხმარებლების აქტივების დაცულობა უზრუნველყოს. 

განცხადებაში მოპასუხეებად მითითებულია Binance Holdings, BAM Trading Services, BAM Management US Holdings და დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო.

Binance-მა კომისიის მიერ მოთხოვნილ დროებით ზომას გაუმართლებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ბირჟას დაიცავს. 

"მომხმარებლის აქტივები უსაფრთხოდ არის და პლატფორმა აგრძელებს სრულ ფუნქციონირებას", - წერს Binance.US Twitter-ში. 

სხვა მოთხოვნებთან ერთად, SEC მოითხოვს, რომ $100 000-ზე მეტი ღირებულების აქტივების გადარიცხვები კომპანიის ორი აღმასრულებელი დირექტორის მიერ დადასტურდეს.  

SEC-ის მიმართვის თანახმად, Binance.US მომხმარებლის აქტივები $2.2 მილიარდს შეადგენს და ჟაოს მიმართ ნათქვამია, რომ ის არის "უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც აშკარად გამოხატა, რომ ის ამ სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარება".

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კრიპტობირჟა Binance-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენგ ჟაოს ფასიანი ქაღალდების წესების დარღვევის გამო მიმდინარე კვირაში უჩივლა.

ბირჟის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ცამეტ ბრალდებას მოიცავს. მათ შორისაა დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და არალეგალური ტრანზაქციები.

Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, ერთ დღეზე ნაკლებ დროში, ინვესტორებმა ბირჟიდან დაახლოებით $780 მილიონი გაიტანეს.