თურქული ლირას კურსი გაუფასურებას განაგრძობს. ოთხშაბათს თურქული ვალუტა დოლართან მიმართებით 5.4%-ით გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია: 1 აშშ დოლარის ღირებულება 22.8537 ლირაა.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 მაისს გაიმართა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებიდან დღემდე ლირა დოლართან 10%-ით გაუფასურდა. გლობალური საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs Group მომდევნო თვეებში თურქული ვალუტის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობს. ბანკის პროგნოზით, ერთ წელიწადში 1 აშშ დოლარის ღირებულება 28 ლირას მიაღწევს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად Merrill Lynch-ის ყოფილი სტრატეგი მეჰმეთ სიმსეკი დაასახელა. ერდოღანის წინა კაბინეტში სიმსეკი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო. ექსპერტები სიმსეკის დანიშვნის შემდეგ თურქეთში ტრადიციული მონეტარული პოლიტიკის დაბრუნებასა და ბაზრის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირებას პროგნოზირებენ, რაც ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საპროცენტო განაკვეთების გაზრდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ერდოღანი უკვე წლებია, დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს.