LIVE

მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა - საქსტატი

02 ივნ 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.1%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 1.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3%-ით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 9.3%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 7.1%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 6.3%;
  • თევზეული - 6%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 4.6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.2%;
  • პური და პურპროდუქტები - 1.8%;
  • ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე - 17%;
  • ფასები ასევე შემცირდა ხილსა და ყურძენზე - 12%.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (12.5%), სხვა სახის მომსახურება (92%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1%-ით. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5%) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9%-ით. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.4%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.5%-იანი კლება. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.1%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7%).