
ამერიკის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) ამერიკულ კომპანია Amazon-ს პირადი სივრცის დარღვევის ბრალდებით ჯარიმების გადახდა დააკისრა.
დავა ორ საქმეს მოიცავს - კარის ვიდეოზარის Ring-ის მოწყობილობის საშუალებით თანამშრომლების მიერ მომხმარებელთა თვალთვალს, ვიდეოების ჩამოწერასა და მესამე პირზე გადაცემას. მეორე საქმე კი, Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის Alexa-ს მიერ ბავშვების ხმოვანი ჩანაწერების შენახვას, მშობლების მიერ წაშლის მოთხოვნის მიუხედავად. კომპანიას Ring-ის საქმეზე $5.8 მილიონის, ხოლო Alexa-ს საქმეზე $25 მილიონის გადახდა მოუწევს.
Ring-ი, რომელიც Amazon-მა 2018 წელს შეიძინა, მომხმარებელს კარის ვიდეოზარებს, უსაფრთხოების კამერებსა და სიგნალიზაციის სისტემებს სთავაზობს. კომპანიაში რამდენიმე ინციდენტი ფიქსირდება, როდესაც თანამშრომელი მომხმარებელთა ყოველდღიურობას მათ პირად სივრცეში უსმენდა და აკვირდებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ საქმეზე დაიწყო გამოძიება FTC-მ, რომელიც 2017 წელს თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
Alexa-სთან დაკავშირებით Amazon-ი თავის მომხმარებლებს, მათ შორის, მშობლებს არწმუნებდა, რომ სისტემის მიერ შეგროვებული ხმოვანი ჩანაწერების წაშლა შეეძლოთ. თუმცა FTC-ის საჩივრის მიხედვით, კომპანია წლების განმავლობაში ინახავდა მონაცემებს და Alexa-ს ალგორითმის გასაუმჯობესებლად უკანონოდ იყენებდა.
Amazon-ი ორივე შემთხვევასთან მიმართებით უარყოფს კანონდარღვევას.
„მართალია, ჩვენ არ ვეთანხმებით FTC-ის ბრალდებას როგორც Alexa-სთან, ასევე Ring-თან დაკავშირებით, თუმცა ამ გადაწყვეტილებით საქმე დაიხურება და უკან მოვიტოვებთ ორივე ამბავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია დასძენს, რომ განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვის გასაძლიერებლად.