LIVE

სერტიფიცირება, გამართული ტრანსპორტი, ელექტრონული ბილეთები - რა იცვლება შიდა გადაყვანებში

29 მაი 202312:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 690
სერტიფიცირება, გამართული ტრანსპორტი, ელექტრონული ბილეთები - რა იცვლება შიდა გადაყვანებში

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2024 წლის თებერვლამდე გადამზიდავებმა პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.

„რეფორმა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა, დღეს უკვე მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნა. პროექტი ითვალისწინებს, შიდა რეგულარული გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო სააგენტოს მიერ. ქვეყანაში უამრავი ავტოვაგზალი არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არაა დაცული და ხარისხი ძალიან დაბალია, ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ასევე ტურიზმის სექტორზე.

კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ. განისაზღვრება სამი კლასის ავტოსადგური. დიდ ქალაქებში პირველი კლასის ავტოსადგურები იქნება, პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალით და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ და თითოეული მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს“,- განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ მკაფიო, გამჭვირვალე და ელექტრონული ბილეთების სისტემა დაინერგება.