
თურქეთში დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურის წინ, თურქული ლირა უფასურდება. დღევანდელ ვაჭრობაში ერთი აშშ დოლარის ფასმა 20 ლირა შეადგინა.
Bloomberg-ის თანახმად, 14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ლირა 2%-ზე მეტად გაუფასურდა.
პირველ ტურში ერდოღანის შედეგები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, თურქეთმა არაორდინალური ეკონომიკური პოლიტიკა გააგრძელოს, რაც ვალუტაზე უარყოფითად აისახება.
ამასთან, ლირაში ბრუნვის სიხშირე გაიზარდა, რაც ვალუტაზე არსებულ წნეხზე მიუთითებს. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას შესაძლოა დოლარზე მოთხოვნის შერბილება კიდევ უფრო გაუჭირდეს.
ამავდროულად, თურქეთის საორიენტაციო საფონდო ინდექსი Borsa Istanbul 100 Index 1.2%-ით გაიზარდა, რაც ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines-ისა და სამხედრო ელექტრონიკის მწარმოებელი Aselsan-ის აქციების გაძვირებამ გამოიწვია.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.50%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44.89% მიიღო.