
იაპონია რუსი ინდივიდებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს.
ქვეყანამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას ქალაქ ჰიროსიმაში G7-ის სამიტი გაიმართა. ახალი სანქციების შესახებ განცხადება იაპონიის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჰიროკაზუ მაცუნომ გაავრცელა.
"როგორც ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა ატომური დაბომბვა, იაპონია არასდროს დაეთანხმება რუსეთის ბირთვულ მუქარას", - განაცხადა მაცუნომ პრესკონფერენციაზე.
G7-თან კოორდინაციის ფარგლებში იაპონია 78 ჯგუფისა და 17 ინდივიდის აქტივებს გაყინავს; მათ შორისაა რუსეთის რამდენიმე სამხედრო ოფიცერი. გარდა ამისა, ახალი სანქციები ითვალისწინებს ექსპორტის შეზღუდვას 80 რუსული კომპანიისთვის, რომელთაგანაც რამდენიმე სამხედრო კვლევით ლაბორატორიას წარმოადგენს.