LIVE

დაუშვილი: რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება არასწორია

26 მაი 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 335
დაუშვილი: რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება არასწორია

კომპანია „დიოს“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის თამაზ დაუშვილის განცხადებით, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება არასწორია.

„ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთზე.

„როგორც აღმოჩნდა, ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, აღმასვლა, თუ წარმატება, დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის ფაქტორზე. რა თქმა უნდა, ეს პარადოქსულია, იმის გათვალისწინებით, რა საშინელებაც ხდება უკრაინაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში, რუსეთი საქართველოში აკეთებდა. პრაქტიკულად ის არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოწინააღმდეგე და ოკუპანტი ქვეყანა. ბუნებრივია, მასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება სწორად არ მიმაჩნია. რაღაც კავშირები, რა თქმა უნდა, იარსებებს. მასთან ღია ომში არ ვართ და როგორც მეზობელთან, რაღაც ეკონომიკური კავშირები იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული ეკონომიკა გვქონდეს და ის ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება, 2006 წლიდან მოყოლებული, თუ რამდენად აქტიურად იყენებს რუსეთი ეკონომიკურ თუ ჰუმანიტარულ ფაქტორებს საქართველოზე - ქვეყნის მთავრობებზე და მოსახლეობაზე ზეწოლის კუთხით.

ძალიან სამწუხარო შედეგი გვაქვს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, მივხვდებით, გავაანალიზებთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს ფაქტორი რაღაცნაირად დაბალანსდეს“, - აღნიშნა კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

თამაზ დაუშვილის განცხადებით, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ ავირიდოთ თავიდან რუსეთზე დამოკიდებულება.

მისივე თქმით, სანქციების ნაწილში საქართველოს ის პოზიცია უნდა ჰქონდეს, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ.

„მთავარია, მთავრობამ, ბიზნესმა, ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავირიდოთ თავიდან რუსეთზე დამოკიდებულება. ეს ყველას პასუხისმგებლობაა.

ქვეყნისთვის მთავარი გამოსავალი, ევროკავშირთან დაახლოებაა. ახლა არის რეალური შანსი, რომ საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ამ სტატუსს მოჰყვება უამრავი სარგებელი. მათ შორის, ევროპულ ბაზრებზე გასვლა უფრო გაიოლდება. ახლა თუ ევროპულთან შედარებით, რუსულ ბაზარზე გასვლაა უფრო იოლი, სტატუსის მონიჭების შემდეგ, ბიზნესი რეალურად დაინახავს, თუ რამდენად ადვილი და სარფიანი იქნება ევროპულ ბაზრებზე გადანაცვლება.

ერთადერთი გამოსავალია, რომ ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებამ, რეალურად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ 12 პუნქტი შესრულდეს და ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ამაზე მნიშვნელოვანს ვერაფერ გავაკეთებთ ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.