LIVE

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 239 მლნ ლარით შემცირდა

25 მაი 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 239 მლნ ლარით შემცირდა

2023 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 100.18 მლნ ლარით (0.22%) შემცირდა.

ეროვნული ბანკის თანახმად, აპრილის ბოლოს სესხების ჯამურმა მაჩვენებელმა 44.77 მლრდ ლარი შეადგინა. 

გასულ თვეში მოიმატა ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა და იკლო უცხოური ვალუტით გაცემულმა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 139.19 მლნ ლარით (0.56%) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 239.38 მლნ ლარით (1.20%) შემცირდა. 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.06 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

აღსანიშნავია, რომ აპრილში 0.29%-ით, ანუ 70.99 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 24.15 მლრდ ლარი შეადგინა.

30 აპრილის მდგომარეობით, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.89% შეადგინა. 31 მარტის მაჩვენებელთან შედარებით, მონაცემები 0.44 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 43.09 მლრდ ლარი შეადგინა. მონაცემები 242.96 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით ნაკლებია 31 მარტის მდგომარეობით არსებულ მაჩვენებელზე.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების 367.11 მლნ ლარით, ანუ 2.18%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 610.07 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით შემცირდა.

სებ-ის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 48.69% შეადგინა. 31 მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 2.21 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.08%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 79.83%, ხოლო ევროს წილი 18.28% იყო.

ცნობისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.1 მლრდ ლარით, ანუ 1.66%-ით შემცირდა და, აპრილის ბოლოს 66.2 მლრდ ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც მათი მთლიანი აქტივების 13.8%-ია.