LIVE

გიორგი კაკაურიძე: რუსეთს ნამდვილად არ ვართ ჩამოკიდებული

24 მაი 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 463

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ჩამოკიდებული არაა.

„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერის განცხადებას, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, კაკაურიძე ამბობს, რომ თუ სანქციებს დავაწესებდით, ჩვენი ეკონომიკა გაცილებით მეტ ზიანს მიიღებდა, ვიდრე რუსეთი.

მისივე განმარტებით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არ ნიშნავს, რომ მასზე ჩამოკიდებული ვართ.

„სანქციები რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩვენ გაცილებით მეტ ზიანს მივიღებდით, ვიდრე მივაყენებდით იმ ქვეყანას, რომელსაც სანქციებს დავუწესებდით.

რა გვაქვს რუსეთზე ჩამოკიდებული, ის რომ მეტი გადმორიცხვებია? ეს გადმორიცხვები არ აისახება ჩვენს ეკონომიკაში. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, დიდი ეკონომიკა და ყოველთვის რაღაც დონეზე ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდა. შესაბამისად, ის რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს, არ ნიშნავს, რომ ჩამოკიდებული ვართ. რუსეთს ნამდვილად არ ვართ ჩამოკიდებული, თუმცა როდესაც შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები, ამაზე უარის თქმა ნამდვილად არ იქნებოდა სწორი“,- განუცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „ბიზნეს ფორმულას“.

ცნობისთვის, დღეს, კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ საქართველო რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, ამით საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს, 2012 წლიდან დღემდე რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაორმაგდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი „კოვიდ“ პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.

მართალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთიდან გზავნილები ეკონომიკაში არ აისახება, თუმცა გასულ წელს მიღწეული ორნიშნა ზრდის ერთ-ერთ მიზეზად არაერთი ორგანიზაცია სწორედ მიგრანტების ეფექტს და ფულად გზავნილებს ასახელებს. 2022 წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. 2022 წელს ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29%-ს შეადგენდა. გზავნილების ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ რუსეთიდან 838.1 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო, რაც წლიურად 310%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ერთ-ერთი მიმართულება, სადაც რუსეთზე დამოკიდებულება მზარდია საგარეო ვაჭრობაა. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 44.6%-ით, რუსეთიდან იმპორტი კი 54.2%-ით გაიზარდა.