LIVE

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - რა თანხა მივიღეთ 2022 წელს

22 თებ 202315:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - რა თანხა მივიღეთ 2022 წელს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი „კოვიდ“ პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.

TI-ს კვლევაში, „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა“ აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს შეადგენდა, ხოლო მაქსიმუმი, 9.9%, 2018 წელს დაფიქსირდა.

„ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო. სავაჭრო ბრუნვამ 263.6 მლნ დოლარი შეადგინა. წლიური ზრდა 18%-ია. გასულ თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 104.5%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 17.5% შეადგინა. საქართველომ რუსეთიდან იმპორტში 175.8 მლნ დოლარი გადაიხადა. რუსეთში ექსპორტი წლიურად 105.7%-ით, 87.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 19.1% იყო.