2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29%-ია, ეს კი იმ ფონზე, როდესაც 2021 წელს რუსეთზე გადმორიცხული თანხების მხოლოდ 17.5% მოდიოდა.
უფრო დეტალურად, 2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:
- რუსეთის ფედერაცია - $2.068 მლრდ;
- იტალია - $431.6 მლნ;
- აშშ - $327 მლნ;
- საბერძნეთი - $224 მლნ;
- ისრაელი - $199 მლნ;
- გერმანია - $164.3 მლნ;
- ყაზახეთი - $150 მლნ;
- ყირგიზეთი - 111.7 მლნ,
- თურქეთი - $101 მლნ;
- ესპანეთი - $57 მლნ.
მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 535.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 133.2%-ით მეტია 2021 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. დეკემბრის გადმორიცხვებშიც რუსეთი ლიდერობს და მხოლოდ ერთ თვეში გადმორიცხულმა თანხამ 317.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა. აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში ფულადი გზავნილები 2022 წელს $1.8 მილიარდამდე შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან შემოსული მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.