LIVE

TBC Bank Group-ი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმა Payme-ის 100%-იანი მფლობელი გახდა

23 მაი 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 369
TBC Bank Group-ი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმა Payme-ის 100%-იანი მფლობელი გახდა

TBC Bank Group-ი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმა Payme-ის 100%-იანი მფლობელი გახდა. 

ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს Inspired-ში დამფუძნებელი აქციონერებისგან დარჩენილი მინორიტარული 49%-იანი წილის გამოსასყიდად, ბანკმა ნაღდი ფულის სახით, $55.7 მილიონი გადაიხადა. შედეგად, Payme-ის ჯამური ღირებულება $113.6 მილიონს შეადგენს. მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. 

"ეს შენაძენი შეესაბამება უზბეკეთში წამყვანი ფინტექ ეკოსისტემის შესაქმნელად ჩვენს გაფართოების ადრე დასახულ სტრატეგიას. მომხმარებელთა დიდი ბაზის და მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტის მეშვეობით, ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ძლიერი სინერგიის პოტენციალი გადახდების ბიზნესსა და ჩვენს ციფრულ ბანკს, TBC UZ-ს შორის. მტკიცედ მწამს, რომ ამ ორ ბიზნესში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დააჩქარებს ჩვენი უზბეკური ოპერაციებისთვის დასახული შუალედური მიზნების მიღწევას: კაპიტალის მინიმუმ 30%-ის დაბრუნებას, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 5 მილიონამდე გაზრდას და ჯგუფის წმინდა შემოსავლის 10-15%-ით გაზრდას", - ამბობს თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. 

Payme უზბეკეთში ფიზიკური პირებისთვის და მცირე ბიზნესისთვის ციფრული გადახდების წამყვანი პროვაიდერია. 

TBC Bank-ი Payme-ის 51%-იანი წილის მფლობელი 2019 წელს გახდა. მას შემდეგ Payme მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს Payme-ის შემოსავალმა $17.5 მილიონი, ხოლო დაბეგვრამდე მოგებამ $11.4 მილიონი შეადგინა. 2023 წლის მარტის ბოლოს მას 3.1 მილიონი აქტიური ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავდა.

შედარებისთვის, 2018 წელს, შემოსავალი $1.6 მილიონს, ხოლო და დაბეგვრამდე მოგება $0.8 მილიონს შეადგენდა. 2019 წლის აპრილში მისი აქტიური მომხმარებლების რიცხვი 1.3 მილიონით შემოიფარგლებოდა.