LIVE

გერმანია ორმაგი მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

24 მაი 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1182
გერმანია ორმაგი მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

გერმანია ორმაგი მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი დამუშავების ბოლო ეტაპზეა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის მიერ შემოთავაზებული კანონმდებლობა ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის ორმაგ მოქალაქეობას და ასევე ნატურალიზაციას გააადვილებს.  

მოქალაქეობის ახალი გეგმა სამ ცვლილებას მოიცავს:

• გერმანიაში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტებს მიეცემათ უფლება, რომ მოქალაქეობაზე განაცხადი ამჟამინდელი 8 წლის ნაცვლად, 5 წლის შემდეგ გააკეთონ. 

• გერმანიაში დაბადებული ბავშვები, რომელთა ერთი მშობელი მაინც ლეგალურად ცხოვრობს ქვეყანაში ხუთი ან მეტი წლის განმავლობაში, ავტომატურად მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას.

• დასაშვები ხდება მრავალმოქალაქეობა.

რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების კოალიცია 2021 წლის შემოდგომაზე ქვეყნის მართვას შეუდგა.  

ის გერმანიის საიმიგრაციო კანონის ფართო გადახედვის ნაწილია, რომლის ძირითადი მიზანი გერმანიაში კვალიფიციური მუშაკების ჩასვლის წახალისება და შრომის ბაზრის მასიური დეფიციტის შევსებაა.