LIVE

არჩილ გაჩეჩილაძე: იმედი გვაქვს, უფრო შეღავათიანი კრედიტების გაცემის საშუალება მოგვეცემა

22 მაი 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
არჩილ გაჩეჩილაძე: იმედი გვაქვს, უფრო შეღავათიანი კრედიტების გაცემის საშუალება მოგვეცემა

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ მარეგულირებლის მიერ რეფინანსირების განაკვეთის კლება გაგრძელდება, რაც ბანკს უფრო შეღავათიანი კრედიტების გაცემის შესაძლებლობას მისცემს.

მისივე განმარტებით, ეს დაკრედიტების ტემპის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

„ბოლო ორი წელია დაკრედიტების ტემპი ჩამორჩება ეკონომიკის ზრდის ტემპს და იმედი გვაქვს, რომ დაჩქარება მოხდება. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს. პირველი ნაბიჯი ამ კუთხით ბოლო ხანებში უკვე გადაიდგა, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და საშუალება მოგვეცემა, რომ უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი კრედიტების მიწოდება მოხდეს მოსახლეობისთვის.

ინფლაცია ჩამოსცდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს, რაც ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან რეგიონში არც ისე ბევრ ქვეყანას, მათ შორის არც ევროპასა და ამერიკაში, არ აქვს ამის ფუფუნება. ეს საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, რომ ცოტათი უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას საპროცენტო განაკვეთის დაწევის კუთხით“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოში ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს და არაერთი თვის განმავლობაში მკვეთრი დაშორების შემდეგ, აპრილში სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდა. კერძოდ, 2023 წლის აპრილში ინფლაციამ 2.7% შეადგინა. ამ ფონზე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე შემცირდა