LIVE

აპრილში თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - Colliers

16 მაი 202311:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 494
აპრილში თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - Colliers

2023 წლის მარტის მსგავსად, აპრილშიც თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა გასაყიდი ფასი კვლავ იზრდება.

Colliers Georgia-ს უახლესი მონაცემებით, აპრილში თბილისში 2 537 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა და წინა წლის აპრილთან შედარებით 27%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

უფრო დეტალურად, გასულ თვეში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 31%-იანი კლება ფიქსირდება გასული წლის აპრილთან შედარებით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 18%-ით არის შემცირებული. ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 42%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი 9% და 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფასს, აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველი ბინების ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის ცენტრში მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა.