LIVE

Citi-ს პირველი ქალი CEO საქმიანობას დიდი მიზნებით შეუდგა

02 მარ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
Citi-ს პირველი ქალი CEO საქმიანობას დიდი მიზნებით შეუდგა
Celeste Sloman/Bloomberg Markets

Citi ბანკის ახალი აღმასრულებელი დირექტორი პირველი ქალია უოლ სთრითზე, რომელიც ამერიკულ საბანკო გიგანტს ჩაუდგა სათავეში. 53 წლის შოტლანდიური წარმოშობის ჯეინ ფრეიზერს არაერთი გამოწვევა ელის წინ. გარდა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში კომპლექსური ანგარიშები აქვს წარსადგენი მარეგულირებელ უწყებებთან, მას ასევე მოუწევს კომპანია პანდემიური რეჟიმიდან გამოიყვანოს და დასახული მიზნები შეასრულოს.

Citi აშშ ბაზარზე სიდიდით მესამე ბანკია, რომელსაც ფრეიზერი, წარსულში McKinsey & Co.-ს თანამშრომელი, 2006 წელს შეუერთდა. მისი კარიერული აღმასვლა გარდამტეხი მომენტია ინდუსტრიაში, სადაც კაცები დომინირებენ. მას შემდეგ, რაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ მიმდინარე თვიდან ფრეიზერი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაიკავებდა, მან მოქმედება დაიწყო - გადახედა ფინანსური ინსტიტუტის სტრატეგიას, სისტემებს, საკადრო პოლიტიკას და შესაბამისი გეგმაც წარუდგინა საბჭოს წევრებს. არამხოლოდ მათ, არამედ შტატების სავალუტო ბაზრის მაკონტროლებელ უწყებასაც (OCC).

საქმე იმაშია, რომ გასული წლის ოქტომბერში, საბანკო სექტორის მარეგულირებელმა უწყებამ Citi $400 მილიონით დააჯარიმა და ბანკს დაავალა გამოასწოროს ხარვეზები რისკების მართვაში. უწყებამ მიიჩნია, რომ Citigroup-ს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რისკის მართვისა და შიდა კონტროლის ნაწილში, მათ შორის მონაცემების დამუშავების, მარეგულირებელთან რეპორტინგის და კაპიტალის დაგეგმვის თვალსაზრისით. თავის მხრივ, OCC-მა ასევე დააჯარიმა საბანკო ინსტიტუტი და განაცხადა, რომ მან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაართვა თავი რისკების და მონაცემთა დამუშავების ნაწილში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

ბანკმა კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელიც ტექნოლოგიების და რისკების მენეჯმენტის მიმართულებებს მოიცავს OCC-ს მაისში უნდა წარუდგინოს. ამასობაში კი, ფედერალურ სარეზერვო სისტემას საკუთარი მოთხოვნები აქვს და Citigroup-სგან ლიკვიდობისა და შესაბამისობის პრობლემების გადაჭრის გეგმას ელის. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა ფრეიზერისთვის.

ტექნოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა ბანკის ხარჯებს მიმდინარე წელს 3%-ით გაზრდის, რაც გაართულებს მოგების მაჩვენებლის გაუმჯობესებას, თუმცა ფრეიზერი იოლ გზებს ეძებს. მისი მიდგომა არ გულისხმობს ბანკის მასშტაბურ გარდაქმნას. სანაცვლოდ, ის განიხილავს კონკრეტული ბიზნეს მიმართულებების რეორგანიზაციას, ან ნაწილის საერთოდ გაუქმებას. მაგალითად, აზიის ბაზარზე საცალო მომსახურების სეგმენტიდან გასვლას და მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული სერვისების შენარჩუნებას.

"როგორც ნებისმიერ ჭეშმარიტ შოტლანდიელს, მეც მჯერა, რომ არის გარკვეული აუთვისებელი ღირებულება მიდგომების გამარტივებაში,” განაცხადა ფრეიზერმა იანვარში, ბანკის შემოსავლების განხილვასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე. 

ამავე თვეში, Citi-მ კერძო ბანკინგისა და აქტივების მართვის შეთავაზებები ერთ კომბინაციად გააერთიანა და მიმართულება ვეტერან თანამშრომელს, ჯიმ ო'დონელს ჩააბარა. ეს განყოფილება $200,000 და მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს ემსახურება - მათ შორის, მსოფლიოს რამდენიმე მილიარდერსაც და იმდენად მსხვილია, რომ ბანკი განიხილავს, ცალკე ხომ არ გამოყოს მისი შედეგები შემოსავლების საბოლოო ანგარიშსა თუ განხილვებში.

ფრეიზერისთვის კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება გარემოსდაცვითი აქტივობები და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ბანკმა პირობა დადო რომ შეაფასებს და გაასაჯაროებს თუ რა ზეგავლენა აქვს გარემოზე მის მასშტაბურ სასესხო პორტფელს. გარდა ამისა, Citi გეგმავს 2025 წლისთვის $250 მილიარდის ღირებულების მდგრადი აქტივობები დააფინანსოს.

აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე პირველივე სამუშაო დღეს ფრეიზერმა ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ Citi-ს დაფინანსების პოლიტიკა 2050 წლისთვის სათბურის გაზების ემისიის განულებაზე იქნება ორიენტირებული. ეს იმ ფონზე, როცა გასულ წელს Citigroup წიაღისეულ საწვავზე მომუშავე კომპანიების სიდიდით მესამე დამფინანსებელი იყო. ფრეიზერის ამ განცხადებით კი ბანკი კონკურენტებს, Bank of America-ს და Morgan Stanley-ს შეუერთდა, რომლებმაც ასევე დადეს პირობა, გაანულონ გარემოზე მავნე ზემოქმედების მქონე ბიზნეს აქტივობების დაფინანსება. 

"პირველ სამუშაო დღეს მას შეეძლო ნებისმიერი სხვა განაცხადი გაეკეთებინა, თუმცა რადგან კლიმატთან დაკავშირებულ ძალისხმევას გაუსვა ხაზი, ეს ცალსახა სიგნალია, რომ საკითხი მისთვის და Citi-სთვის მნიშვნელოვანია," განაცხადა მდგრადი ინვესტიციების ადვოკატირებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, Ceres-ის ხელმძღვანელმა მინდი ლუბერმა. 

რაც შეეხება თანასწორობას, 2018 წელს ბანკმა სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვრა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მენეჯერული პოზიციების 40%-ს ქალები დაიკავებენ გლობალური მასშტაბით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ოფისებში დასაქმებულთა მინიმუმ 8% აფროამერიკელი იქნება. გარდა ამისა, ბანკის მენეჯერებს ვალდებულება აქვთ ვაკანსიებზე თანამშრომლების შერჩევისას კადრები გენდერული თუ ეთნიკური მრავალფეროვნების პრინციპის დაცვით განიხილონ. საკუთარ საკადრო გადაწყვეტილებებში მიკერძოებულობის გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური გადამზადება ათასობით მენეჯერმა გაიარა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ სურეინი