LIVE

ფასის მკვეთრი შემცირების შემდეგ, Tesla ელექტრომობილებს ისევ აძვირებს

03 მაი 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
ფასის მკვეთრი შემცირების შემდეგ, Tesla ელექტრომობილებს ისევ აძვირებს

ელექტრომანქანების მწარმოებელი Tesla, 2023 წლის იანვრიდან მკვეთრი გაიაფების შემდგომ, თავისი ყველაზე პოპულარული მოდელების ფასებს ისევ ზრდის. კომპანიამ ფასების შემცირების ნაბიჯი გაყიდვების გაზრდის მიზნით გადადგა, ახლანდელი ზრდა კი მხოლოდ $290-ის ფარგლებშია. განახლებული ინფორმაციით, Model Y-ს და Model 3-ის ფასები გაიზარდა ამერიკაში, ჩინეთში, კანადასა და იაპონიაში.

მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ თავისი ყველაზე იაფი Model 3-ის ფასი გაზარდა, თუმცა მისი ღირებულება მაინც 14%-ით ნაკლებია იანვრამდე არსებულ ფასთან შედარებით. Model Y-ს მაღალი გარბენის მანქანების შემთხვევაშიც, ფასი Tesla-ს უმსხვილეს ბაზრებზე რჩება იმაზე 24%-ით ნაკლები, ვიდრე წლის დასაწყისში იყო.

გასულ თვეს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია ახლა გაყიდვების მოცულობის ზრდაზეა ორიენტირებული. მოგების მარჟის ზრდას მასკი ახალი თვითმართვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვების შემდგომ ელის, რომელიც უფრო დიდი რაოდენობის ავტომობილებში იქნება ინტეგრირებული.

საგულისხმოა, რომ Tesla გაყიდვებზე დღიურ რეჟიმში დაკვირვებით განსაზღვრავს ფასებს. როგორც ილონ მასკმა Tesla-ს კვარტალური მოგების შესახებ აღნიშნა, სხვა მანქანის მწარმოებელი კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც გაყიდვებს დილერების გავლით აწარმოებენ, Tesla-ს პირდაპირი ვაჭრობის მოდელი საშუალებას იძლევა, რეალურ დროში შეაგროვონ მონაცემები და ამის მიხედვით განსაზღვრონ ფასების ზრდა-შემცირების ტემპები.

Tesla-მ ელექტრომანქანების ბაზარზე „ფასების ომი“ გასულ წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინეთში, ელექტრომანქანების ყველაზე დიდ ბაზარზე, ადგილობრივი წარმოების კომპანიებმა დაიწყეს დამკვიდრება. მათ სათავეში ჩინური კომპანია BYD-ია, რომელიც ცნობილია ელექტრომანქანების ფართო სპექტრის წარმოებითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს ნაბიჯს განსხვავებული რეაქციები მოჰყვა კონკურენტი კომპანიების მხრიდან. მაგალითად, Ford Motors-მა Mustang-ის ელექტრო მოდელებზე ფასი 8%-მდე შეამცირა. General Motors-ის გენერალური დირექტორი მერი ბარა კი თებერვალში აცხადებდა, რომ კომპანია არ აპირებს ფასების შემცირებას, რადგან მათი ელექტრომობილის Cadillac Lyriq-ის ფასი, რომელიც Tesla-ს Model Y-ს პირდაპირი კონკურენტია, ისედაც კონკურენტულია.