
გაყიდვების გაზრდის მიზნით ელექტრომობილების უმსხვილესმა მწარმოებელმა Tesla-მ ფასდაკლების აგრესიული სტრატეგია დაიწყო.
აშშ-ში Tesla-ს Model 3 სედანსა და Model Y კროსოვერ SUV-ზე 6-დან 20%-მდე ფასდაკლება ამოქმედდა. შესაბამისად ელექტრომობილების შეძენა ახლა უკვე 7 500 დოლარადაა შესაძლებელი. კომპანიამ ფასები შეამცირა ძვირადღირებულ Model X-ზეც.
გერმანიაში Tesla-მ დაახლოებით 1%-დან 17%-მდე ფასდაკლებები აამოქმედა, Model 3-ზე და Model Y-ზე, რომლებიც კომპანიის გლობალური ტოპ-სელერებია. ელექტრომობილების ღირებულება შემცირდა ავსტრიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთშიც. Tesla-მ ასევე შეამცირა ფასები ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და სინგაპურში.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინეთში ფასების შემცირება სავარაუდოდ მოთხოვნას გაზრდის და გააღრმავებს ზეწოლას Tesla-ს ადგილობრივ კონკურენტებზეც, მათ შორის BYD-ზე.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთსა და აზიის სხვა ბაზრებზე გასულ კვირას გამოცხადებულ ფასების შემცირებასთან ერთად, Tesla-ს ეს ნაბიჯი უმსხვილეს ბაზრებზე იმ სტრატეგიასაც ცვლის, რომელსაც კომპანია 2022 წლის განმავლობაში ატარებდა. გასულ წელს გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ელექტრომობილების საშუალო გასაყიდი ფასები უფრო მაღალი იყო.
როგორც Tesla-ს ინვესტორი გარი ბლეკი ამბობს, ფასდაკლებების სტრატეგია სწორი ნაბიჯია. გასულ თვეში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც, ილონ მასკმა თქვა, რომ „საპროცენტო განაკვეთის რადიკალურმა ცვლილებებმა“ ინდუსტრიის პერსპექტივა შეცვალა, Tesla-ს კი მოცულობის ზრდის შენარჩუნების მიზნით, შეუძლია ფასების შემცირება.