LIVE

ილონ მასკმა დღე-ღამეში $13 მილიარდი დაკარგა

22 აპრ 202316:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 672
ილონ მასკმა დღე-ღამეში $13 მილიარდი დაკარგა

ილონ მასკის მფლობელობაში არსებულ ბიზნესებს სულ რაღაც ერთ დღე-ღამეში დიდი ცვლილებები შეეხო:  10%-მდე დაეცა Tesla-ს აქციები, კოსმოსში გამგზავრების მცდელობისას აფეთქდა SpaceX-ის რაკეტა, ხოლო Twitter-დან სამუდამოდ გაქრა ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი ნიშანი. 

შედეგად, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მონაცემებით, ილონ მასკის ქონება დღე-ღამეში ჯამში $12.6 მილიარდით შემცირდა, რაც აღნიშნული წლის ყველაზე დიდი დანაკარგია. ამ დანაკარგის ყველაზე დიდი მიზეზია Tesla. მიმდინარე წლის I კვარტალში Tesla-ს მოგებამ ინვესტორებს იმედები გაუცრუა, რის გამოც კომპანიის აქციები ხუთშაბათს 9.75%-ით დაეცა. 

მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მაინც პოზიტიურადაა განწყობილი. როდესაც Tesla-სთან დაკავშირებით მასკს ჰკითხეს, თუ რამხელა მოგება იქნებოდა დამაკმაყოფილებელი კომპანიისთვის, მილიარდერმა აღიარა, რომ “ძნელია იმის თქმა, თუ რა უნდა იყოს საზღვარი”. რაც შეეხება SpaceX-ს, მასკმა თანამშრომლებს მიულოცა და განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი პროგრამის პროგრესთან დაკავშირებით. Twitter-ის ვერიფიკაციის ნიშნის გაუქმება კი თავად მისივე გადაწყვეტილებაა; მასკი იმედოვნებს, რომ შემოსავლების გაზრდის მიზნით უფრო მეტი ადამიანი გადავა სოციალური პლატფორმის ფასიან ვერსიაზე, რომელიც თვეში $8 ღირს. 

ილონ მასკი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია; იგი მხოლოდ ფრანგ ბერნარ არნოს ჩამორჩება. წელს მასკის ქონება $26.8 მილიარდით მოიმატა, რისი დამსახურებაც, პირველ რიგში, Tesla-ს 32%-იანი მოგებაა.