LIVE

აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარი ისევ შემცირდა

23 აპრ 202319:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 300
აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარი ისევ შემცირდა

თებერვალში მცირედი ზრდის შემდეგ, გასულ თვეში აშშ-ს უძრავი ქონების ტრანზაქციებმა კლება განაახლა.

აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის განახლებული ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელი სახლების გაყიდვები თებერვლის შემდეგ 2,4%-ით შემცირდა. წლიურ ჭრილში კი გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-ითაა შემცირებული.

უშუალოდ მარტში საცხოვრებელი სახლში საშუალო გასაყიდმა ფასმა $375 700 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,9%-ით ნაკლებია. საბოლოოდ, მარტის ბოლოს 1 მილიონზე ნაკლები სახლი იყო გასაყიდი, რაც 41%-ით დაბალია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ამ პერიოდში გასაყიდი სახლების ოდენობა 1,7 მილიონი იყო).

აღსანიშნავია, რომ თებერვლის გარდა, მანამდე აშშ-ში უძრავი ქონების ბაზრის კლების ყველაზე გრძელი სერია დაფიქსირდა, 1999 წლის შემდეგ. აღნიშნული პირდაპირაა დაკავშირებული დაჩქარებული ინფლაციის შედეგად გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებთან, რის გამოც ადამიანებს გაუჭირდათ სესხის აღება.  

​როგორც აშშ-ს რეალტორთა ასოციაციაში ამბობენ, მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, საერთო ჯამში აშშ-ს გასაყიდი სახლის ფასები მაინც მუდმივად მზარდია. თუმცა ქვეყნის შედარებით ძვირიან რაიონებში მცირედი კლება მაინც დაფიქსირდა. შედეგად, გასულ წელთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად შემცირდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც 7,5%-იანი კლება დაფიქსირდა. სამაგიეროდ, ფასები მუდმივად იზრდებოდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.