LIVE

შამუგია: 2022 წელს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო რეკორდული რაოდენობის ღვინო

20 აპრ 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
შამუგია: 2022 წელს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო რეკორდული რაოდენობის ღვინო

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, 2022 წელს საქართველოდან, 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 103 მლნ ლიტრამდე ღვინო. ექსპორტის ღირებულებამ კი 252.5 მლნ დოლარი შეადგინა.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ღვინის ექსპორტი გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე. ეს ბაზრებია: პოლონეთი (ზრდა 32%), აშშ (28%), ლატვია (20%), გერმანია (34%), ესტონეთი (53%) და იაპონია (68%).

„2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს მევენახეებმა 270 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით ჯამში 257 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტირებული იყო 160 მლნ 865 ათასი ლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინო. საქსტატის თანახმად, ამ მაჩვენებლით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ღვინო პირველ პოზიციაზე მოხვდა.