LIVE

მარტში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციები შემცირდა - Recover.ge

20 აპრ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 586

recov.ge-ს განახლებული მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 368 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 4%-ით ანუ 186 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

როგორც კოლიერსის, კვლევისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება ორი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. პირველია მიგრანტების რაოდენობის შემცირება და ხოლო მეორე, ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო. 

"თუ ვიმსჯელებთ უშუალოდ მიზეზებზე, თუ რა შეიძლება იყოს ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების მიზეზი, ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გასვლა ქვეყნიდან. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მარტის დასაწყისში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, რის გამოც მოქალაქეებმა თავი შეიკავეს მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებისგან. სამომავლოდ, მოკლევადიან პერიოდში, ფასების შემცირებას არ ველოდებით, ასევე ნაკლებად ვვარაუდობთ ფასების დიდ ზრდას. უფრო მეტად უძრავი ქონების ფასების დასტაბილურებას მოველით", - განაცხადა ლეო ჩიქავამ

recover.ge-ის მონაცემებით, 2023 წლის მარტში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა, 1,258 ერთეულამდე.