LIVE

ინდოეთში Apple-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

18 აპრ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
ინდოეთში Apple-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა დღეს, ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქ მუმბაიში, Apple-ის პირველი მაღაზია გახსნა.

ამასთან, კუკი ხუთშაბათს დაესწრება მეორე მაღაზიის გახსნას ქვეყნის დედაქალაქ დელიში.

აქამდე ინდოეთში Apple-ის პროდუქცია ხელმისაწვდომი იყო ონლაინ ან რესელერების ფართო ქსელით.

ორშაბათს კუკმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ერთი სული აქვს მიიღოს“ მომხმარებლები მუმბაის ახალ მაღაზიაში.

Apple ახალი მაღაზიების გახსნით ცდილობს პოზიციები გაიმყაროს სმარტფონების მსოფლიოში სიდიდით მეორე ბაზარზე, სადაც პროდუქტის 95% Google-ის Android პლატფორმაზე მუშაობს.

ინდოეთში ასევე იზრდება კომპანიის პროდუქციის წარმოების ბაზა, რადგან Apple ჩინეთიდან მოშორებით მიწოდების ქსელების გაფართოებას ცდილობს. ინდოეთში ახლა Apple-ის პროდუქციის 5% იწარმოება.

მაღაზიების გახსნის მიუხედავად, რაც ბრენდინგის სტრატეგიის ნაწილია, ექსპერტები ინდოეთში Apple-ის გაყიდვებზე მყისიერ გავლენას არ ელიან. თუმცა, სხვები მიიჩნევენ, რომ კომპანიისთვის საუკეთესო დროა ინდოეთის ზრდადი „პრემიუმ სმარტფონების“ ბაზარზე ინვესტირებისთვის, სადაც მოიაზრება მობილური ტელეფონები, რომლებიც 40 ათასი რუპია ($558) ან მეტი ღირს.

Apple დიდი ხანია ცდილობს ინდოეთში ოფიციალური მაღაზიის გახსნას. 2021 წელს მაღაზიის გახსნას ხელი კოვიდ პანდემიამ შეუშალა.

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ბოლოს 7 წლის წინ, 2016 წელს ესტუმრა ინდოეთს, როდესაც ტექნოლოგიების გიგანტი ჯერ კიდევ ფეხის მოკიდებას ცდილობდა ქვეყანაში.

ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუკი ქვეყნის პრემიერ მინისტრსა და IT მინისტრს შეხვდება, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გაკეთებულა.