LIVE

ჩინური კომპანია დონეცკის რეგიონში მდებარე ქარხნისგან სპილენძს ყიდულობს - Reuters

14 აპრ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 492
ჩინური კომპანია დონეცკის რეგიონში მდებარე ქარხნისგან სპილენძს ყიდულობს - Reuters

ჩინურმა ფირმამ სულ მცირე $7.4 მილიონის ღირებულების სპილენძი შეიძინა ქარხნისგან, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს. დონეცკის რეგიონში მდებარე ქარხანა დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

კერძოდ, ჩინურმა კომპანია Quzhou Nova-მ, 2022 წლის 8 ოქტომბრიდან 2023 წლის 24 მარტამდე, დებალცევსკის მეტალურგიული საინჟინრო ქარხნისაგან 3 220 ტონა სპილენძის შენადნობი შეიძინა, რომლის ღირებულება $7.4 მილიონია. ინფორმაციას Reuters რუსეთის საბაჟო მონაცემების განხილვის საფუძველზე ავრცელებს. 

დებალცევსკის ქარხანა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რეგიონში მდებარეობს. აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთია იმ ოთხი უკრაინული რეგიონიდან, რომლებზეც გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისინი რუსეთის შემადგენლობაშია. 

ჩინეთს რუსეთთან ვაჭრობაზე რაიმე შეზღუდვა არ დაუწესებია. ამერიკის შეერთებული შტატები იმუქრება, რომ მსოფლიოში ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს, შავ სიაში შეიყვანს. ვაშინგტონმა პეკინი უკვე გააფრთხილა, რომ მოსკოვისთვის აშშ-ის ექსპორტის წესებით აკრძალული საქონელი არ მიეწოდებინა. 

ჩინური Quzhou Nova რუსეთთან სპილენძთან დაკავშირებულ რაიმე სავაჭრო ურთიერთობის არსებობას უარყოფს. ამასთან, ჩინეთის საბაჟო სამსახურს Reuters-ისთვის იმპორტის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. Reuters-ის წყარო დებალცევსკის ქარხანაში აცხადებს, რომ არსებობდა ფერადი მეტალურგიის სახელოსნო, თუმცა წყარომ უარი განაცხადა სპილენძის შენადნობების ჩინეთში გადაზიდვის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა, რომ ეს თემა “სავაჭრო საიდუმლოა”. 

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ჩინური კომპანიები დასავლეთის შავ სიაში შესვლის შიშით მალავენ თავიანთ სავაჭრო კავშირებს რუსულ კომპანიებთან. ამერიკული მხარის განცხადებით, შეერთებული შტატები არ მოერიდება ჩინური კომპანიების დასანქცირებას, თუკი მათ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში შეამჩნევს.