LIVE

გერმანიის მთავრობას რეკრეაციული მარიხუანას დეკრიმინალიზაცია სურს

18 აპრ 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 393
გერმანიის მთავრობას რეკრეაციული მარიხუანას დეკრიმინალიზაცია სურს

გერმანიის მმართველმა კოალიციამ კანაფის პირადი მოხმარებისათვის დეკრიმინალიზაციის წინადადება წარმოადგინა. გერმანიის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული რეფორმა საშუალებას მისცემს ადამიანებს, კანონიერად ჰქონდეთ 25 გრამი მარიხუანა და შეუერთდნენ არაკომერციულ “სოციალურ კლუბებს” მის შესაძენად. 

გერმანიის მთავრობა თავდაპირველად მარიხუანას სრულ ლეგალიზაციას გეგმავდა, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ, მიზნები შემდეგნაირად დავიწროვდა: პირველ რიგში, უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება დასაშვები კანაფის კომერციული მიზნებით გამოყენება. 

მთავრობამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი მიმდინარე თვეში უნდა წარადგინოს, ხოლო საპარლამენტო კენჭისყრა სავარაუდოდ ზაფხულში იქნება. ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის ნიდერლანდებში, მარიხუანას მოხმარება დასაშვებია. აღნიშნული კანონპროექტის წარმატების შემთხვევაში, გერმანია იქნება ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელშიც რეკრეაციული მიზნით მარიხუანას გამოყენება დასაშვები გახდება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ გერმანიაში მარიხუანას უდიდესი ბაზარი შეიქმნება, რომელზეც 2027 წლისთვის გაყიდვები 2.1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად გერმანია უკვე არის სამედიცინო მიზნით კანაფის მწარმოებელი უდიდესი ქვეყანა ევროკავშირში.