სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.2%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, წლიური ინფლაცია აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8%-ით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასების წლიური ზედა 28.8%;
- პური და პურპროდუქტები - 16.8%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 13.6%;
- თევზეული - 10.9%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10.4%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.1%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 8.7%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.7%;
- ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე - 2.4%.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 8%-ით. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9%).
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ინფლაცია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა. სებ-ის თანახმად, არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება.
ამასთან, მარეგულირებელში ინფლაციის გაზრდის მიმართულებით ერთ-ერთ საყურადღებო რისკად შრომის ბაზარს ასახელებენ. კერძოდ, კი იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს. ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.