ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ განცხადებას ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავცრელებს.
"დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია.
კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 დარეკვისკენ მოუწოდებს.