LIVE

ღარიბაშვილი: კორუფციის კონტროლით ვუსწრებთ ევროკავშირის 11 და ნატოს წევრ 13 ქვეყანას

31 მარ 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 499
ღარიბაშვილი: კორუფციის კონტროლით ვუსწრებთ ევროკავშირის 11 და ნატოს წევრ 13 ქვეყანას

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში თანმიმდევრულია.

ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 და ნატოს წევრ 13 ქვეყანას.

"საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებია ჩვენზე წინ ჯერჯერობით. ეს პროგრესი რა თქმა უნდა თანმიმდევრულია. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების ქულა გაიუმჯობესა და ჩვენ ეს მიღწევები გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“,- განაცხადა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ მოიწონა თავი საერთაშორისო რეიტინგებით.

„რაც შეეხება იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული მუშაობის მიმართულებით და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. სულ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ:

კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს იკავებს; კიდევ ერთი ფაქტი მინდა მoვიყვანო - Trace „Bribery Risk Matrix 2022“ თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ხოლო გლობალურ რეიტინგში 194 ქვეყნიდან 33-ე ადგილზეა; აქვე შეგახსენებთ, რომ  გლობალური სამართლიანობის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - პირველ ადგილზეა. ისევე როგორც ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე 120 ქვეყანას შორის. „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის კიდევ 5 ადგილით დაწინაურდა და ევროპაში 21-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში - მე-18 ადგილზე ვართ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის მტკიცების საპირისპიროდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (TI) „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. 2022 წლის ანგარიშის თანახმად, რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა.

პრემიერმა კვლავ ახსენა ღია ბიუჯეტის ინდექსი იმ კრიტიკის მიუხედავად, რაც ამ ინდექსის ინტერპრეტაციას მოჰყვა ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (IBP) მხრიდან მას შემდეგ, რაც რუსული კანონის გასამართლებელ ერთ-ერთ არგუმენტად ღარიბაშვილმა სწორედ ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში საქართველოს ლიდერი პოზიცია დაასახელა.

რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, "ქართულმა ოცნებამ" ახალი ბიურო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში შექმნა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებაა. ბიუროს უფროსად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა.