LIVE

მესტვირიშვილი: ინფლაციაზე მიგრანტების გავლენა ორი მიმართულებითაა

29 მარ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
მესტვირიშვილი: ინფლაციაზე მიგრანტების გავლენა ორი მიმართულებითაა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი იმ ორ მიმართულებას გამოყოფს, რაც საქართველოში შემოსული მიგრანტების ინფლაციაზე გავლენას განაპირობებს.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ერთ-ერთი მიმართულება მიგრანტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო გაძვირებული უძრავი ქონებაა. მესტვირიშვილის თქმით, მოსალოდნელია, რომ ამ კომპონენტის გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებლიდან ეტაპობრივად მიილევა.

„რაც შეეხება მიგრანტების გავლენას, ორი მიმართულებითაა: ერთი, მოთხოვნის ზრდის კუთხით, რასაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვპასუხობთ და ეს გაზრდილი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებშიც აისახება. მეორე ფაქტორია უძრავი ქონების ფასები, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია, სტუდენტებისთვის, ბიზნესისთვის, მისი გავლენა ინფლაციაში ნელ-ნელა მცირდება, რადგან უძრავი ქონების ფასების ზრდას ისეთი სწრაფი ტემპი აღარ აქვს“,- განაცხადა მესტვირიშვილმა. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა. შედეგად, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, გაიზარდა უძრავი ქონების როგორც გასაყიდი ფასი, ასევე ქირა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ფასების ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება. TBC Capital-ის თანახმად, თბილისში, თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინის გასაქირავებელი ფასი 125%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ს საშუალო ღირებულება 13.1 დოლარი იყო. თებერვალში წლიურად 30%-ით გაიზარდა ბინის გასაყიდი ფასი და კვ.მ-ზე საშუალოდ 1 136 დოლარი შეადგინა. 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღოროგორც სებ-ში აღნიშნავენ, არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება.