LIVE

დღეიდან ფასის ზედა ზღვარი დამატებით 300-ზე მეტ წამალზე ამოქმედდა

18 მარ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 419
დღეიდან ფასის ზედა ზღვარი დამატებით 300-ზე მეტ წამალზე ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტიდან, რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. შესაბამისად, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება. 

რეფორმის მიხედვით, რომლის მიზანიც წამლის გაიაფებაა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. 

სამინისტროს თანახმად, ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ჯანდაცვის უწყების შეფასებით, ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა, რაც თავად ფარმაცევტულმა სექტორმა უარყო, როგორც რეალობასთან შეუსაბამო და მიუღებელი ბრალდება.