LIVE

META წელს დამატებით 10 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

18 მარ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
META წელს დამატებით 10 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია Meta Platforms თანამშრომლების გათავისუფლების ახალ რაუნდს გეგმავს. კომპანია აპირებს, რომ წელს 10 000 სამუშაო ადგილი შეამციროს. ამით კი ის გახდება პირველი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც მასობრივი გათავისუფლებების მეორე რაუნდი გამოაცხადა.

როგორც საერთაშორისო მედიაში წერენ, ინდუსტრია ემზადება დიდი ეკონომიკური ვარდნისთვის. Meta-ს აქციები ამ სიახლეების ფონზე 6%-ით გაიზარდა. ყველასათვის მოსალოდნელი ეს გათავისუფლებების სერია კომპანიის რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომლის დროსაც კომპანია აღარ განახორციელებს ნაკლებად პრიორიტეტულ პროექტებს, ხოლო თანამდებობიდან გათავისუფლება უმეტესად საშუალო მენეჯმენტის რგოლს შეეხება.

Meta-მ პირველი მასშტაბური გათავისუფლებების სერიის დროს, 11 000-ზე მეტი თანამშრომელი შეამცირა, რაც დასაქმებულების 13% იყო. მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა და გლობალურად ეკონომიკური ვარდნის მოლოდინებმა გამოიწვია ამერიკაში სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირების სერია ბოლო თვეების განმავლობაში.

ტექნოლოგიური კომპანიები კი ამ მიმართულებით ლიდერობენ, რადგან ჯამურად 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე 290 000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ბოლო პერიოდში არაერთი მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს.მათ შორისაა ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Zoom, Dell, PayPal, Spotify, Amazon.com, Alphabet, Microsoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.