LIVE

SpaceX, Netflix, Boeing - ამერიკული კომპანიები ვიეტნამში ინვესტირებას განიხილავენ

18 მარ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
SpaceX, Netflix, Boeing - ამერიკული კომპანიები ვიეტნამში ინვესტირებას განიხილავენ

ვიეტნამში აშშ-ის “ყველა დროის უდიდესი” ბიზნეს-მისია იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას SpaceX, Netflix, Boeing და სხვა მსხვილი კომპანიები მიიღებენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოში დიდი ინვესტიციების ჩადება განიხილება. 

Reuters-ის ინფორმაციით, თავდაცვის, ფარმაცევტულ, ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში მოწინავე 50-ზე მეტი კომპანია შეუერთდება ამერიკის ბიზნეს-მისიას ვიეტნამში, რომელიც აშშ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) შორის არსებული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით განხორციელდება. მისიის ფარგლებში ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები ვიეტნამში ჩავლენ და იქაურ პოლიტიკურ და მარეგულირებელ ორგანოებთან სამომავლო ვაჭრობის პერსპექტივებს განიხილავენ.

აშშ-ჩინეთის სავაჭრო უთანხმოებების ფონზე ეს წინგადადგმული ნაბიჯია დასავლეთისთვის, გლობალური საწარმოო ინტერესები ჩინეთიდან სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, ვიეტნამში გადაიტანოს. სამომხმარებლო ბაზარი ვიეტნამში, რომლის მოსახლეობაც 100 მილიონი ადამიანია, სწრაფად იზრდება. ამასთან, ფართოვდება ქვეყნის საშუალო ფენაც. 

“ეს არის ყველა დროის უდიდესი მისია ვიეტნამში” - განაცხადა ვუ ტუ ტანჰმა, აშშ-სა და ASEAN-ის შორის არსებული ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ვიეტნამში. აღნიშნული ორგანიზაცია ამ ღონისძიებებს სამი ათწლეულის განმავლობაში აწყობდა. 

ამერიკული სტრიმინგის გიგანტი Netflix ჯერ კიდევ გასულ თვეს აცხადებდა, რომ იგი ვიეტნამში ოფისის გახსნას აპირებს. ამჟამად Netflix-ის მხრიდან დამატებითი კომენტარები არ კეთდება. 

საჰაერო კოსმოსური მწარმოებლები Boeing, Lockheed Martin და Bell შეხვედრებს გამართავენ ვიეტნამის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის შესყიდვების კომპანიებთან. ათწლეულის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ყოველწლიურ მისიას ვიეტნამში უსაფრთხოების სფეროს ფირმები უერთდებიან. 

დეკემბერში იმავე კომპანიებმა ვიეტნამის მთავრობასთან გამართეს მოლაპარაკებები ვერტმფრენებისა და დრონების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ვიეტნამმა, რომლისთვისაც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში სამხედრო პროდუქტების მთავარი ექსპორტიორი იყო, ამჟამად ახალი მიმწოდებელი ნახა. 

კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც შეუერთდნენ ამერიკულ ბიზნეს-მისიას, უკვე აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას ვიეტნამში. მათ შორისაა Apple, Coca-Cola და PepsiCo. 

მონაწილეები შეხვდებიან ვიეტნამის პოლიტიკურ და მარეგულირებელ ხელმძღვანელობას. შეხვედრები გაიმართება ასევე პრემიერმინისტრ ფამ მინ ჩინთან. 

გასულ წელს ვიეტნამს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რის გამოც ამერიკული კომპანიები ქვეყანაში წარმოების განვითარებით დაინტერესებულნი არიან. 

ბიზნეს-მისიის ფარგლებში წარმოდგენილნი იქნებიან სხვა კომპანიებიც: ფარმაცევტული გიგანტი Pfizer და Johnson & Johnson, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი Abbott, ფინანსური ფირმები Visa და Citibank, ასევე Meta, Amazon და სხვა.