LIVE

საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 711 ლარით აღემატება

18 მარ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 711 ლარით აღემატება

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ხელფასს 711 ლარით და 50 თეთრით აღემატება. 

საქსტატის თანახმად, 2022 წლის IV კვარტალში წლიურად 20%-ზე მეტითაა გაზრდილი, როგორც ქალების, ისე კაცების საშუალო ანაზღაურება, თუმცა გენდერული სახელფასო სხვაობა (Gender pay gap) კვლავ მაღალია. საგულისხმოა ისიც, რომ ტრადიციულად, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი წლიურ ჭრილში 258 ლარით (22.4%-ით) გაიზარდა და 1 411.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების საშუალო ხელფასი კიდევ უფრო მეტად, 355.3 ლარით (20.1%-ით) გაზრდის შემდეგ, 2 123.2 ლარია. შედეგად, IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარია.

ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობა გლობალური პრობლემაა. აღსანიშნავია, რომ გაეროს მიერ 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან (SDGs) მე-5 გენდერული თანასწორობაა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფასაც მოიაზრებს.

მსოფლიო ბანკის თანახმად, გენდერულ ჭრილში შემოსავლის უთანასწორობა უარყოფითად აისახება ქვეყნების ეკონომიკის ზრდაზე. ბანკი მიუთითებს, რომ 119 ქვეყანას სახელფასო სხვაობის შესამცირებლად კანონმდებლობის გაუმჯობესება შეუძლია. Moody's Analytics-ის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობის შემცირება მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 7%-ით, ანუ $7 ტრილიონით გაზრდის. Moody's-ის შეფასებით, არსებული ტემპით, მსოფლიოს გენდერული უფსკრულის დასაფარად შესაძლოა, 132 წელი დასჭირდეს.