LIVE

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 774 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

17 მარ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1069
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 774 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: 

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1%-ით);
  • მშენებლობა - 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1%-ით).

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასული წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარი, ხოლო კაცების - 2 123.2 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

აღსანიშნავია, რომ IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1 911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 %-ით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3%-ით) დარგებში ფიქსირდება.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით ლიდერობდა თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. 

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ნომინალურია და ვერ იძლევა წარმოდგენას, რეალურად როგორია ამ თანხის მსყიდველობითი უნარი. ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია, ნომინალურ გამოსახულებაში გაზრდილი საშუალო ხელფასის პირობებშიც კი, ამცირებს ადამიანების შემოსავლის მსყიდველობით უნარს, ანუ რეალურ შემოსავალს. შესაბამისად, მოქალაქეებს მეტი თანხა სჭირდებათ იმავე პროდუქტისა და მომსახურების შესაძენად, რასაც ადრე შედარებით ნაკლები ხელფასის პირობებში ყიდულობდნენ. მაგალითისთვის, 2013 წლის თებერვალში თუ 1 000 ლარი ჰქონდა ხელფასი დასაქმებულს და ხარჯავდა სამომხმარებლო პროდუქტებზე, 2023 წლის თებერვალში იმავე პროდუქტის შესაძენად უკვე 1 664 ლარი სჭირდება. ხოლო 2013 წელს რასაც 1 774 ლარად შეიძენდით, მიმდინარე წლის თებერვალში ამავე პროდუქტის საყიდლად 2 952 ლარი დაგჭირდებათ.