LIVE

გენდერული სახელფასო სხვაობა გლობალურ ეკონომიკას $7 ტრილიონი უჯდება - Moody's

11 მარ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
გენდერული სახელფასო სხვაობა გლობალურ ეკონომიკას $7 ტრილიონი უჯდება - Moody's

ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობის შემცირება მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 7%-ით ანუ $7 ტრილიონით გაზრდის. ამის შესახებ ნათქვამია Moody's Analytics-ის ანგარიშში.  

Moody's-ის შეფასებით, ამ ტემპით, მსოფლიოს, გენდერული უფსკრულის დასაფარად, შესაძლოა 132 წელი დასჭირდეს. 

დოკუმენტის თანახმად, რაც უფრო მეტი ქალი შეუერთდება სამუშაო ძალას, მით უფრო დიდი სტიმული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის, შესაბამისად, გაიზრდება პროდუქტიულობა. მნიშვნელოვანი იქნება მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი ქალების წილის ზრდაც.  

მოხსენებაში ნათქვამია, რომ განვითარებად ბაზრებზე, მაგალითად, ინდოეთში, სხვაობის შემცირება კიდევ უფრო გაზრდის ამ პოტენციალს.  

ანგარიშის თანახმად, სხვაობის მიზეზი ოჯახში ქალებზე დაკისრებული ოჯახური პასუხისმგებლობა და კავშირების სიმცირეა. ამასთან, ქალები უფრო იშვიათად ითხოვენ დაწინაურებას.  

"სოციალური ნორმების შეცვლა ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც მოიცავს მოქნილ სამუშაო პირობებს, ბავშვზე ზრუნვის ხელმისაწვდომობას და ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას და მამის დეკრეტული შვებულებით უზრუნველყოფას, ცვლილებების სწორი მიმართულებით წარმართვას დაეხმარება", - წერს Moody's. 

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას მსოფლიო ბანკი უახლეს ანგარიშში გამოეხმაურა.  

"მამაკაცებსა და ქალებს შორის შემოსავლის ამ უთანასწორობის არსებობა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ 119 ქვეყანას სახელფასო სხვაობის შესამცირებლად კანონმდებლობის გაუმჯობესება შეუძლია.  

მსოფლიო ბანკის თანახმად, ეკონომიკების ნახევარს თანაბარი ანაზღაურება კანონის დონეზე გათვალისწინებული არ აქვს.  

Moody's-ის თანახმად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მაგისტრის, ან მისი ეკვივალენტური ხარისხის მქონე ქალები კაცებს აჭარბებენ, მიუხედავად ამისა, საშუალო და უფროსი რგოლის მენეჯერის პოზიციაზე ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები. 

ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასი საქართველოშიც განსხვავებულია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმადოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911 ლარია, მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487 ლარი შეადგინა.