LIVE

SVB-ის დახურვის შემდეგ ევროპასა და აზიაში ბანკების აქციები დაეცა

13 მარ 202314:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 637
SVB-ის დახურვის შემდეგ ევროპასა და აზიაში ბანკების აქციები დაეცა

Silicon Valley Bank (SVB)-ის დახურვის შემდეგ ევროპასა და აზიაში ბანკების აქციები დაეცა.

SVB-ის დახურვა აშშ-სთვის 2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი საბანკო მარცხი იყო. საბანკო სისტემის ნდობის გაზრდის მიზნით, გუშინ აშშ-ის მთავრობამ სასწრაფო ზომები მიიღო. 

აშშ-ის დახმარებამ გაზარდა ამერიკული ბანკების აქციები წინასავაჭრო ბაზარზე: მაგალითად Bank of America-ს აქციები 3%-ით გაიზარდა, JPMorgan-სა კი - 1.9%-ით. ამის საპირისპიროდ, შემცირდა ევროპული და აზიური ბანკების აქციები. ევროპის STOXX საბანკო ინდექსი 2%-ით დაეცა. მანამდე იაპონიის Topix საბანკო ინდექსი 4%-ით შემცირდა. დაახლოებით 1%-იანი დანაკარგი ჰქონდათ ასევე სინგაპურის უმსხვილეს ბანკებს. მას შემდეგ, რაც HSBC-მა გადაწყვიტა, რომ ჩამოშლილი ამერიკული ბანკის დიდი ბრიტანეთის შვილობილს შეიძენდა, HSBC-ის აქციები 1.45%-ით დაეცა. 

ამერიკის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ ბანკის ყველა მეანაბრე დაცული იყო და ისინი თავიანთ დეპოზიტს ორშაბათიდან მიიღებდნენ. ფედერალურმა რეზერვმა ასევე გაუადვილა ბანკებს მისგან სესხის აღების შესაძლებლობა საგანგებო სიტუაციებში. 

Reuters-ის გამოთვლებით, SVB-ის დახურვის შემდეგ ამერიკის ბანკებმა $100 მილიარდის აქციები დაკარგეს, ევროპულმა ბანკებმა კი $50 მილიარდი. 

“სავარაუდოა, რომ მეანაბრეები თავიანთ თანხებს სხვა, უფრო მსხვილ ბანკებში გადაიტანენ” - განაცხადა Pepperstone-ის მკვლევარმა, კრის ვესტონმა. 

SVG-სთან ერთად დაიხურა კრიპტოვალუტაზე ფოკუსირებული ბანკი Silvergate, რომელმაც გასულ კვირას გამოაქვეყნა ინფორმაცია ოპერაციების შეწყვეტისა და ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის შესახებ. 

კვირას აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებელმა ასევე დახურა ნიუ-იორკში არსებული Signature Bank, რომელიც, SVB-ის შემდეგ, საბანკო არეულობის მომდევნო მსხვერპლი გახდა.