LIVE

Credit Suisse-ს ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლოში დაგვატარებს - ივანიშვილის ადვოკატი

28 დეკ 202213:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
Credit Suisse-ს ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლოში დაგვატარებს - ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები აცხადებენ, რომ Credit Suisse-ის ერთ-ერთი ტრასტი დარჩენილ თანხას ივანიშვილს ისევ არ ურიცხავს და მიზეზად ვროპარლამენტის რეზოლუცია მოჰყავთ. ამის გამო, ივანიშვილის მხარემ ამჯერად გერნსის სასამართლოს მიმართა. 

"ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე)", - აღნიშნულია იურიდიული კომპანია MKD-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

პრეს-რელიზის თანახმად, Credit Suisse-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს სამხედრო კონფლიქტად მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ საქმემ პოლიტიკური ელფერი სწორედ 2022 წლის თებერვლის ბოლოს შეიძინა. მარტის ბოლოდან კი ივანიშვილს შეექმნა პრობლემები როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. 

"ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ბატონ ივანიშვილს ძირითად აქტივებზე - თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული. ჩვენ ამ მოვლენას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ. აქ საუბარი არის არა იმ თანხებზე, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, არამედ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც Credit Suisse-ში ქურდობისა და თაღლითობის ფაქტს გადაურჩა. აი, სწორედ ეს გადარჩენილი თანხა, კლიენტმა გაიტანა ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით, 5% დარჩა Credit Suisse-ში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია პრეს-რელიზში. 

MKD ასევე აღნიშნავს, რომ ბანკის ერთ-ერთმა ტრასტმა ივანიშვილს თანხა ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ ჩაურიცხა. 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ბატონი ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ ერთი ტრასტი თანხას 14 დეკემბრის რეზოლუციის მიღების შემდეგ ურიცხავს, მეორე კი ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით, გადარიცხვაზე უარს ამბობს, ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს პოლიტიკურ შანტაჟზე მიანიშნებს. 

MKD-ის თანახმად, Credit Suisse-ს გადარჩენილი ძირითადი თანხები გერნსის კუნძულების იურისდიქციას დაქვემდებარებული ტრასტი მართავს და ის არის ბანკთან დავაში მონაწილე სუბიექტი. 

"ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. შესაბამისად, ამჯერად უკვე გერნსის სასამართლოში მოგვიწია განცხადების შეტანა იმისთვის, რომ კლიენტს თავისი კუთვნილი, უდავო თანხები დაუბრუნონ", - წერს MKD.

კომპანიის პრეს-რელიზის თანახმად, ეს არის არა სასამართლო დავა, არამედ ერთდღიანი ფორმალური პროცესი, სადაც სასამართლო გარკვეულ მოქმედებას ადასტურებსეს პროცესი სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო და ამჯერად მარტშია ჩანიშნული, თუმცა იურისტები ტენდენციის გათვალისწინებით, არ გამორიცხავენ, რომ ის კიდევ გადაიდოს.  

ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის ჯგუფის კერძო ბანკინგის კლიენტი იყო.

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი დაზარალებულიდან, რომლებმაც 2015 წელს თაღლითობის გამჟღავნებამდე ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს.