LIVE

SVB-ის შემდეგ კიდევ ერთი ამერიკული Signature Bank დაიხურა

13 მარ 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
SVB-ის შემდეგ კიდევ ერთი ამერიკული Signature Bank დაიხურა

სახელმწიფო მარეგულირებლებმა ნიუ-იორკში მდებარე Signature Bank დახურეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის საბანკო ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე დიდი მარცხია. Signature Bank-ის დახურვამდე 2 დღით ადრე Silicon Valley Bank (SVB) დაიხურა. 

როგორც ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტი იტყობინება, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC) Signature-ზე კონტროლი აიღო. ბანკს გასული წლის ბოლოსთვის $110,36 მილიარდის ოდენობის აქტივები და $88,59 მილიარდის დეპოზიტი ჰქონდა. 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და სხვა ბანკების მარეგულირებელთა ერთობლივი განცხადებით, Signature Bank-სა და Silicon Valley Bank-ის “მეანაბრეებს ზარალი არ მიადგებათ.”

სტარტაპებზე ორიენტირებული SVB-დან მრავალი კლიენტი გავიდა, რასაც ინვესტორთა მხრიდან აღელვება მოჰყვა. შედეგად, ბანკი დაიხურა. SVB-ის დახურვის შემდეგ, აშშ-ის ბანკების აქციები $100 მილიარდზე მეტით შემცირდა. ამას აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან მოჰყვა სწრაფი ნაბიჯები, რათა მათ ქვეყნის საბანკო-ფინანსური სისტემის ნდობა აღედგინათ. 

FDIC-ის განცხადებით, Bridge გახდება მემკვიდრე ბანკი, რომელიც Signature Bank-ის მეანაბრეებისა და მსესხებლების საქმეებსა და თანხებს გადაიბარებს. ორშაბათიდან SVB-ის მეანაბრეებს უკვე უნდა ჰქონდეთ წვდომა თავიანთ თანხებზე. 

Signature იყო კომერციული ბანკი, რომელსაც ოფისები ნიუ-იორკში, კონექტიკუტში, კალიფორნიაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ჰქონდა. ამასთან, ბანკი ეროვნული ბიზნესის ცხრა სხვადასხვა სფეროში იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო კომერციული უძრავი ქონებისა და ციფრული აქტივების სექტორები.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ქეითი ჰოჩულმა თავის განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მთავრობის ნაბიჯები “საბანკო სისტემის მიმართ ნდობას გაზრდიდა”. მისივე თქმით, დახურულ ბანკებში ბევრ მცირე ბიზნესს ჰქონდა ანაბარი, მათი საქმიანობა კი მნიშვნელოვანია ნიუ-იორკის ეკონომიკური წინსვლისთვის. 

Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტების კურსები იცვლება 

ამერიკის საბანკო არეულობების პარალელურად, Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტების კურსები მოულოდნელად გაიზარდა.  

გასულ კვირას Stablecoin USD Coin (USDC)-ის კურსი დოლართან მიმართებით (1:1) $0.88-ზე დაეცა, თუმცა მალევე 0.9917-მდე მოიმატა. კურსის ცვლილება SVB-ის დახურვას უკავშირდება.  

Bitcoin-ის კურსი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან დოლართან კვირის ყველაზე დაბალ ღირებულებას -  $22,568-ს მიაღწია.  

Signature-ს, ისევე როგორც SVB-ის კლიენტურა უმეტესად ტექნოლოგიურ სფეროში ჰყავდა. სექტემბრის მონაცემებით, Signature-ის დეპოზიტების თითქმის მეოთხედი კრიპტოვალუტის სექტორზე მოდიოდა, მაგრამ ბანკმა დეკემბერში გამოაცხადა, რომ აღნიშნულ დეპოზიტებს $8 მილიარდით შეამცირებდა.  

კრიპტოვალუტების კურსების ზრდასთან ერთად, კრიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ SVB-ის მარცხის შემდეგ ბაზარი სტაბილური ჯერ კიდევ არაა.