LIVE

მერია მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს ალტერნატიულ ნაკვეთზე K2 კოეფიციენტს გაუზრდის

15 მარ 202311:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
მერია მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს ალტერნატიულ ნაკვეთზე K2 კოეფიციენტს გაუზრდის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით, K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს.

კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რეკრეაციული სივრცეების შექმნაა.

„იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების - ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედნის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებულ სამშენებლო პარამეტრებს შევთავაზებთ.  

პროცესში დაცული იქნება მესაკუთრის კანონიერი ინტერესები და მას ამ მიწის სანაცვლოდ, მიეცემა უფლება, სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებული პარამეტრებით განახორციელოს მშენებლობა. K2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი - ანუ, თუ ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის და მისი გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.