LIVE

2022 წელს სამინისტროებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუარესეს- IDFI

10 მარ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 558

IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია.

ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

რაც შეეხება ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს, რომლებმაც 100%-იანი ღიაობით, 10 დღიანი ვადის დაცვით გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, ასეთებია: საჯარო სამსახურის ბიურო, სახალხო დამცველის აპარატი და აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროა.

"წინა წელთან შედარებით, 2022 წელს ყველა სამინისტრომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუარესა. მათ შორის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (-88%), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (-84%), ჯანდაცვის სამინისტრო (-66%)", - აღნიშნულია IDFI-ის საქართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ ან გამიზნულად არ უპასუხეს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ კითხვებს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ადმინისტრაციამ, უპასუხოდ დატოვა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ გასცა ინფორმაცია სანქცირებული გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლა-გასვლის შესახებ. ხოლო რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მან უპასუხოდ დატოვა რუსეთის მოქალაქეებზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია.

ცნობისთვის, 2022 წელს, IDFI-ის კვლევითმა ცენტრმა ჯამში 374 საჯარო დაწესებულებაში 7 582 მოთხოვნა გაგზავნა. აქედან 3 197 მოთხოვნაზე პასუხი არა თუ 10-დღიანი ვადის დაცვით არამედ დღემდე არ მიუღიათ.