LIVE

I მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, II მოსმენაზე უნდა ჩააგდონ - იურისტი

09 მარ 202311:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 974
I მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, II მოსმენაზე უნდა ჩააგდონ - იურისტი
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე წერს
 
მისი განმარტებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს და ჩავარდეს. 
 
აც შეეხება მეორე კანონპროექტს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ, რომელსაც ინიციატორები ამერიკული FARA-ს ანალოგს უწოდებენ, გაწვევისთვის ყველა ინიციატორის ხელმოწერაა საჭირო.
 
"გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.
 
რაა საჭირო?
1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);
2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას.
 
ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!", - წერს მენაბდე. 
 

დღეს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გაიწვევს

საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, „პროპორციული ძალა გამოიყენეს“.

საზოგადოებრივი პროტესტი 8 მარტსაც გაგრძელდა. სამართალდამცავებმა მშვიდობიანი აქცია კვლავ წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად, ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-ს ინფორმაციით, 7 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. ბოლო 2 დღეში კი აქციებზე სულ 133 ადამიანია დაკავებული.