LIVE

ტურიზმის კანონს 3 წელია ვამუშავებთ, 3 თვე რატომ არ მოიცადეთ ამ კანონისთვის - მაიკო მურაჩაშვილი

08 მარ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
ტურიზმის კანონს 3 წელია ვამუშავებთ, 3 თვე რატომ არ მოიცადეთ ამ კანონისთვის - მაიკო მურაჩაშვილი

„ძვირფასო მთავრობავ, ტურიზმის კანონს ვწერთ და ვამუშავებთ 3 წელია, 3 თვე რატომ არ მოიცადეთ ამ კანონის გასააზრებლად, დასამუშავებლად“, - ასე ეხმაურება გამოფენა ITB Berlin-ის მონაწილე, ჰოტელიერი მაიკო მურაჩაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას.

„დღეს სტენდზე ბერლინში, რას ვაკეთებთ სექტორმა ვერ გავიგეთ, ყველა უძილო, დაწითლებული თვალებით ვართ და არ ვიცით ევროპის შუაგულში რა ველაპარაკოთ ევროპელებს, როცა BBC თბილისში ქაოსით იწყებს ახალ ამბებს.

ძვირფასო მთავრობავ, ტურიზმის კანონს ვწერთ და ვამუშავებთ 3 წელია, 3 თვე რატომ არ მოიცადეთ ამ კანონის გასააზრებლად, დასამუშავებლად. რატომ დაგვკიდეთ დამოკლეს მახვილი ყელზე ერს. რატომ ააჩქარეთ ასე პროცესები როცა იცოდით, რომ გამოიწვევდა შეუქცევად პროცესებს.

ვზივარ სტენდთან და ვფიქრობ, რა ვუთხრა ევროპელ პარტნიორებს კითხვას რომ დასვამენ: რა ხდება საქართველოში, უსაფრთხოა?“ - წერს მაიკო მურაჩაშვილი Facebook-ში.

გერმანიაში, სადაც საქართველო ავტორიტეტული გამოფენის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა, ტურისტული კომპანიების ნაწილმა რუსული კანონი გააპროტესტა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

რუსულ კანონთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „შეიძლება ბევრისთვის ეს მიუღებელი საკითხია, მაგრამ ხელისუფლება იმიტომაა, რომ ის გააკეთოს, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება“.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, „პროპორციული ძალა გამოიყენეს“.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.